ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეპორტაჟი ხანძრის ადგილიდან: სკოლიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია მოახდინეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე №62 საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, სკოლის მეოთხე სართულზე მდებარე დენის გამანაწილებელ ყუთში მოკლე ჩართვის შედეგად 1 კვადრატულ მეტრზე მცირეოდენი ხანძარი გაჩნდა.

„დენის გამანაწილებელ ყუთში მოხდა მოკლე ჩართვა, რის შედეგადაც მცირეოდენი ხანძარი, დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე  გაჩნდა. ხანძარმა ძალიან დიდი დაკვამლიანება გამოიწვია, ფაქტობრივად, მთელი მეოთხე სართული კვამლში იყო გახვეული. აუცილებელი გახდა მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია.

ამ მომენტისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არის, ინვენტარი არ დაზიანებულა, მხოლოდ ელექტროგამანაწილებელია დაზიანებული“ – აღნიშნა დავით გელაშვილმა.

სკოლის დირექტორის, ელენე შაგურიშვილის თქმით, ხანძარს სკოლის ინვენტარი არ დაუზიანებია, ის ლიკვიდირებულია და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოვახდინეთ. არანაირი ზარალი არ გვაქვს. ბავშვებს კვამლი რომ არ ესუნთქათ,  გარეთ გამოვიყვანეთ. სასწავლო პროცესი აღდგენილია და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“ – აღნიშნა ელენე შაგურიშვილმა.

ნინო ცხადაია

6

4

2

3

1

7

8

იტვირთბა....