ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტები ხარკოვიდან და ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოდან ნაძარცვთან ერთად გარბიან – გენშტაბი

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსი დამპყრობლები ტოვებენ პოზიციებს და ნაძარცვით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში გარბიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხარკოვის მიმართულებით ჩვენი ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რუსული ჯარები სწრაფად ტოვებენ პოზიციებს და ნაძარცვით გარბიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 150-მდე სამხედრო მოსამსახურემ ხარკოვის რეგიონში ბორშჩევა და არტემოვკა ორი ავტობუსით, ერთი სატვირთო და 19 მოპარული მანქანით დატოვა.

„იგივე სიტუაციაა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში. ოკუპანტებმა სასწრაფოდ დატოვეს სოფელი 4 კამაზის მარკის სატვირთო მანქანით, 20 ტიგრის ჯავშანმანქანით და მოიპარეს ადგილობრივი მოსახლეობის 20-ზე მეტი მანქანა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ცნობისთვის, უკრაინელებმა იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, ბალაკლეა და კიდევ რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ნაწილი რუსი დეპუტატებისა პუტინის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....