ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს”

„დააკანონებთ ერთსქესიანთა ქორწინებას?! მე მარიამ ქობულია (ენი), გპირდებით, ათიათასობით სტუდენტს გარეთ და როგორც 2012 წელს, იმედია კარგად გახსოვთ ჩემი სახეც, და ბრძოლაც პატიმრების უფლებების დასაცავად! მაშინ ჩემი ხმა მთელ საქართველოს ესმოდა. ასევე ამ წელსაც წინა ხაზზე დავდგები! შეგაკვდებით, მაგრამ ამ კანონს ვერავინ ვერ გაიტანს, სულ რომ მილიონები დახარჯოს ევროპამ! ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას საზოგადოება მიიღებს და არა თქვენ! ჩემი ერთხელ გასვლა აქციაზე, როგორც დამთავრდა იცით და თუ მეორეჯერ გავალ, აუცილებლად ამ შედეგით დასრულდება. საზოგადოების სასარგებლოდ და თუ ამ სიტყვას არ შევასრულებ, მაგასაც ვნახავთ! ძაააან ბევრი ვართ, ასე ცალ-ცალკე არ ვჩანვართ, ერთიანი თაობა ვართ და სადაც გვიჭირს, ერთმანეთის გვერდით ვართ! პოლიტიკოსების გარეშე!“ – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქობულია.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა მარიამ ქობულიას და ინტერვიუ თხოვა.

„მეტრონომი“: თქვენ თქვით, თუ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა,   გარეთ 10 000 სტუდენტს გამოიყვანთ. გაქვთ თუ არა ამის რესურსი და რატომ ფიქრობთ, რომ სტუდენტების უმრავლესობა იმავე აზრზეა, როგორზეც თქვენ?

მარიამ ქობულია: ჩემი სტუდენტური აქტიურობა არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. რამდენად აქტიური ვიყავი, დაწყებული ციხის კადრებიდან და გაგრძელებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, ამის გადამოწმება ყველას შეუძლია. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ განცხადებას, სადაც არსებობს ეჭვის საფუძვლი – ან დაკანონდება, ან არა, მაგრამ ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არა მარტო სტუდენტები, არამედ 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდეს გარეთ. რა თქმა უნდა, სტუდენტების მობილიზაციაზე პასუხს ვაგებ. ამის რესურსი რომ არ მქონდეს, ამ განცხადებას არ გავაკეთებდი.

„შეგაკვდებით“ და მსგავსი განცხადებები არ ყოფილა სექსუალური უმცირესობის მიმართ გაკეთებული. თუ ვიღაცის არჩევანია, რომ მან განსხვავებულად იცხოვროს, ეს მისი არჩევანია. მე თვითონ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუნდაც ადამიანობიდან გამომდინარე, ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რომ ჩემი მხრიდან, ან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, თუნდაც სოციალურ ქსელში, თუნდაც პირად მიმოწერებში რომელიმე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე.

მე კონკრეტულად ადამიანების მიმართ აგრესიულობით არასდროს გამოვირჩევი და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი დამოკიდებულება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა, არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვა ადამიანმა რაიმე ფორმით ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვიღაცის არჩევანია, ის რომ განსხვავებულად იცხოვროს, ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის. ზოგადად ყველანაირი სახის დისკრიმინაციას ვგმობ. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ შეურაცხყოფით არ უნდა მივიღოთ გარკვეული შედეგები, უბრალოდ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რაღაცებზე. ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ ვიღაც გამოეკიდება და შეურაცხყოფას მიაყენებს. ასეთ სურათს ქართული საზოგადოება არ უნდა ხატავდეს. მისი სახე ასეთი არ უნდა იყოს, რომ თითქოს ჩვენ ვართ არატოლერანტურები.

– რა საფრთხეს ხედავთ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონების შემთხვევაში. რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამან საზოგადოებაში?

– ადამიანი არ უნდა ჩავქოლოთ, არ უნდა მოვკლათ. ქრისტიანული დამოკიდებულებაც ასეთია, რომ გეუბნება – გიყვარდეს მტერი შენიო. მე ამ პოზიციაზე ვარ. ჩვენ პირიქით, რაც შეიძლება შემწყნარებლები უნდა ვიყოთ. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რაშიც მე ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ – უმცირესობების უფლებების დაცვამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობების უფლებების დარღვევა. როდესაც მიდის მათი სერიოზული პროპაგანდა, ვინ არის ახლა უმცირესობაში? მათ აქვთ მედიის მხარდაჭერა, სხვადასხვა ადამიანების მხარდაჭერა. ისე ცუდად არ არიან როგორაც ხატავენ ყველაფერს, მაგრამ გამოდიან, ურტყამენ ეკლესიას და ამ დროს, სულ სხვადასხვა პროცესები მიდის.

ჩვენ კანონის წინაშე თანასწორები ვართ. კანონი გვიცავს, როგორც ჩვენ, ასევე ლგბტ ადამიანებსაც. რაში სჭირდებათ მაშინ ცალკე ეს ქორწინება, იმისათვის, რომ ბავშვი ჰყავდეთ? და მომავალი თაობების ხედვა როგორი უნდა იყოს? ანუ, ჩვენ კიდევ უფრო სიღრმისეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. თანაცხოვრებას რაც შეეხება, ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ნორმალური ადამიანი არ გაეკიდება მათ მსგავს რამეზე.

– და თქვენ როგორ გგონიათ, ვინმე დგას ამის უკან? და ვინ შეიძლება ეს იყოს?

– ეს მხოლოდ საქართველოდან არ მოდის, რაღაც საძირკველი აქვს, საიდანაც ეს ყველაფერი შემოდის. ბრიუსელში ძალიან აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს, პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ. ამაზე ჯერ-ჯერობით ხმამაღლა ვერავინ ილაპარაკებს, მაგრამ მიდის ძალიან ნელი პროცესები, რომ საზოგადოება შეეჩვიოს იმას, რომ ეს ყველაფერი ნორმაა. მედია სწორედ ამ ყველაფერის გამხმოვანებელია. ამ ყველაფერში ხომ თანხები იდება. მნიშვნელოვანია, საზოგადოებისგან სწორი დამოკიდებულება, რომ ამ ადამიანებმაც იცხოვრონ მშვიდად და წყნარად, მიიღონ განათლება, იმუშაონ ნორმალურად, მაგრამ ნუ მეუბნებიან, რომ ეს არის მისაღები. მომავალი თაობებისთვის და ბავშვებისთვის ეს პრობლემის შემცველია. სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვიგებ, რა თამაშია, ვინ რა პოლიტიკურ ქულებს იწერს. ეს ჩემი საქმე არაა. რასაც ვამბობ, იმაზე პასუხს ვაგებ.

ვისი მხრიდანაც მოდის ეს ინიციატივა, არიან ესენი სხვა ქვეყნები თუ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერენ, სწორედ ამ ადამიანების მისამართით ვთქვი, ის ფრაზა – „თავს შეგაკლავთ“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 27 იანვარს, ერთ-ერთი ელექტრონული საინფორმაციო ვებ-გვერდის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ მიმართა, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ასეთი გამოხმაურება.

ლელა ქემოკლიძე

იტვირთბა....