ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე – დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება – ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი, თუმცა რას ვისმენთ? – ისევ რიგგარეშე არჩევნები, ისევ რადიკალიზაცია

დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება – ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, – ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების შეფასებებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები ძირეულად იყოს შესრულებული და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში ოპოზიცია ჩაერთოს, თუმცა კალაძის თქმით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მათთან ამ ფორმით თანამშრომლობა შეუძლებელია.

„ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ის დათქმები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასაკეთებელი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ოპოზიცია ჩაერთოს და მნიშვნელოვანია, მათაც გაიზიარონ ის გასაკეთებელი რეფორმები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პუნქტები ძირეულად იყოს შესრულებული და მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გამიხარდება, თუ ამ ყველაფერში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულები იქნება, თუმცა ისეთ განცხადებებს ვუსმენთ და ისეთი რადიკალიზაცია არის მათი მხრიდან, რომ ძალიან დიდი ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, ისინი შეძლებენ თუ არა ამ ყველაფერში ჩართულობას.

როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა და გუშინაც იქნა გაჟღერებული პრემიერის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მესიჯები, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა რას ვისმენთ ჩვენ ამ დღის განმავლობაში?! რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია. უბრალოდ შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანება გრძელვადიანი პროცესია.

„ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ძალიან რთული გზაა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება. არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ათწლეულებზეც არის საუბარი სტატუსის მიღებაზე და ასევე გაწევრიანებაზე იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ეს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....