ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ მოითხოვს საპატრიარქო ერთსქესიანთა ქორწინების მომხრესთვის დაცვის დანიშვნას?

„საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ დაიჯეროს თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდის და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება“ – ნათქვამია ლგბტ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები: „ლგბტ საქართველო“, „WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“,  „იდენტობა“ და „ლგბტქი ასოციაცია – თემიდა“ აწერენ.

ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 27 იანვარს, ერთ-ერთი ელექტრონული საინფორმაციო ვებ-გვერდის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ მიმართა, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.

ლგბტ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ, ლგბტ ადამიანებთან უშუალოდ მომუშავე ორგანიზაციები, ვემიჯნებით როგორც გიორგი ტატიშვილს, ასევე მის ამ ინიციატივას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ტატიშვილის ეს ინიციატივა პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული. ამ პიროვნების არაერთი მავნებლური და პროვოკაციული განცხადების თუ ქმედების, და ასევე ამ ინიციატივის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტულ ძალებთან, რომლებსაც ლგბტ ადამიანების საკითხები უნდათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპეკულაციის, დაპირისპირების და დაძაბულობის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ვვარაუდობთ, რომ ტატიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის უკან დგანან პრო-რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან და სურთ საზოგადოებაში გააჩინონ და/ან გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ინტერვიუში თავად გიორგი ტატიშვილი ამბობს, სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება კონსტიტუციის იმ ნორმასთან უნდა მოხდეს, რომლის მიხედვითაც ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა უნდა დადგინდეს, რაც  კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას დააზუსტებს.

„ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით” – თქვა  ტატიშვილმა.

მისმა ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და არამარტო მათში. იმ ცნობილი 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც სასულიერო პირები სექსუალურ უმცირესობას ე.წ. „ტაბურეტკებით“  მისდევდნენ, ახლა მათი იმდროინდელი საქციელის სრულიად საპირისპირო ნაბიჯს დგამენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართავენ, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილს, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, უსაფრთხოების მიზნით, დაცვა დროულად გამოუყოს. ამ თხოვნას კი ასე ხსნიან:

„მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა) როგორ უარყოფითად არის განწყობილი ასეთ კანონთან მიმართებაში. ამიტომაც არის საშიშროება იმისა, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის დასაგმობია და ყოვლად მიუღებელი მისი ეს ნაბიჯი (მით უმეტეს კანონის მიღება), მიუღებელია ძალადობრივი ქმედებაც, და, რა თქმა უნდა, ძალადობის უმძიმესი ფორმით გამოვლენა.

ამიტომაც, თხოვნით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაითვალისწინოს აღნიშნული და გიორგი ტატიშვილს, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოუყოს დაცვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ლგბტ ორგანიზაციები მათ ამ განცხადებასაც ეხმაურებიან და ეჭვობენ, რომ გიორგი ტატიშვილის ინიციატივის უკან სწორედ საპატრიარქო დგას.

„მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიაქროს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება არც ერთ ლგბტ ადამიანზე და ხშირად პირიქით, მათზე ძალადობის განხორციელების მოტივატორიც იყო, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ საპატრიაქრო დგას ამ პიროვნების და მისი ინიციატივის უკან. ჩვენი ეჭვით, სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში ხელოვნურად მტრის ხატის და შიშის განცდის შექმნა, რათა შეშინებული ადამიანებით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს ამ ადამიანებს მათ დამცველად და გამაერთიანელბად და შეინარჩუნოს/გაიზარდოს ძალაუფლება. სწორედ ასეთი, შიშზე თამაშის მეთოდებით, საპატრიაქრო ინარჩუნებს მის ავტორიტეტს, ძალაუფლებას და სოლიდურ თანხობრივ შემოსავალს“ – ნათქვამია ლგბტ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

დღეს, მოძრაობა „ეროვნულების“ წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტი შეიტანა. „მეტრონომი“ ამ თემასთან დაკავშირებით ბრეგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც შესწორების არსზე და მის დარეგისტრირების პროცედურაზე ისაუბრა.

„შესწორების არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შეტანილი უნდა იქნას შემდეგი ტიპის ცვლილება, ანუ მისი პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას. პროცედურა უკვე დაიწყო. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო შესწორება დარეგისტრირდეს და შემდგომში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიდეს, ამისათვის 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, პარლამენტარების ის ნაწილი, რომლებიც წარმოადგენენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ მზად არიან, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, მე მექნება მათთან საუბარი. ეს არ იქნება დიდხნიანი პროცესი, მაქსიმუმ 10 დღე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და ხელს მოაწერენ, მაგრამ თუკი მოხდა ისე, რომ არ მოაწერეს, მაშინ მოძრაობა „ეროვნულები“ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დავიწყოთ რეფერენდუმის მოთხოვნის პროცედურა, რაც  მთელი საქართველოს მასშტაბით  200 000 ხელმოწერის შეგროვებას გულისხმობს“ – თქვა ბრეგაძემ.

ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა კავშირში მისი ინიციატივა გიორგი ტატიშვილის სარჩელთან, გვითხრა, რომ არ არის და აღნიშნა, რომ ინიციატივა თავის დროზე ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.

„ის მოწადინებული იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო აღნიშნული შესწორების შეტანა კონსტიტუციაში. მაგრამ შემდგომში თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად არასერიოზული თემაა და საუბარიც არ ღირს“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

„მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა პოლიტიკური ექსპერტი გრიგოლ გეგელიას. ის ამბობს, რომ ჩვენ პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ გიორგი ტატიშვილი არის კერძო მოქალაქე, მისი სარჩელი არ წარმოადგენს არც ერთი ლგბტ ორგანიზაციას. ის წარმოადგენს საკუთარ თავს და საკუთარ სურვილს.

„ამის ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირად ისმის, რომ ლგბტ პირები აპირებენ ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კანონს, ამან შეიძლება წარმოქმნას ძალიან ცუდი და ცრუ ხედვა იმის თაობაზე, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, ან გზა ევროატლანტიკური სივრცისკენ არის არასწორი გზა კულტურულად.

ორი რამ არის, ერთი არის აბსტრაქტული იდეალები, ყველაფერი რაც კანონით დაიშვება და რისი უფლებაც ადამიანს გააჩნია. ეს რეალურია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს საქართველოში ხდება, სადაც არის ძალიან სპეციფიური ისტორიულად განპირობებული კულტურა, რომელიც არ არის მზად. ასე რომ, მგონია, დღეს ახლა, ეს არის სრულიად უადგილო და საკმაოდ უაზროც. მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის უნდა იყოს ყველა მოქალაქის უფლება, იქნება ის გეი, ბუდისტი თუ სხვა, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი დღეს“ – აღნიშნა გეგელიამ.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას გიორგი ტატიშვილის დაცვასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ ისინი უფრო ფრთხილად არიან და არ უნდათ გიორგი ტატიშვილის მიმართ აგრესია მათ დაბრალდეთ.

„მეორე მხრივ საკმაოდ უცნაურია, რომ საპატრიარქო იცავს პირს, რომელიც ასეთი წინადადებით გამოდის. მე მივასალმები საპატრიარქოს მოსაზრებას, რომ მან მიმართა შსს-ს ტატიშვილის დაცვისთვის. იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსია, მას დასჭირდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ბადებს კითხვებს იმაზე თუ საერთოდ ვინ არის გიორგი ტატიშვილი და ვის ინტერესებს ემსახურება ის დღეს“ – აღნიშნა გეგელიამ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....