სვანური სამზარეულოს მთავარი კერძი, კუბდარი ერთი შეხედვით მარტივი მოსამზადებელია, თუმცა, იმ საიდუმლო გემოს მისაღებად, რაც მხოლოდ სვანეთში მომზადებულ კუბდარს ახასიათებს, მისი დაკვირვებით და გულმოდგინედ მომზადებაა საჭირო.
კუბდარის გული:
აიღეთ ახალგაზრდა საქონლის ან ღორის ზომიერად ცხიმიანი ხორცი, უკეთესია თუ მას ერთმანეთში შევურევთ. დაგჭირდებათ ერთი დიდი თავი ხახვი, სამი კბილი ნიორი, ხმელი სუნელები-ქინძი, კამა, უცხო სუნელი, ძირა, წითელი წიწაკა- ყველა ეს სუნელი ერთად ორი სუფრის კოვზი. და ბოლოს, მარილი.
რაც შეეხება ცომის მომზადებას, ის უნდა მოვზილოთ როგორც წყალში, ასევე რძესა და მაწონ შერეულ წყალში, შესაძლებელია მას მარგარინი ან კარაქიც შეურიოთ, თუმცა ცომი მაგარი უნდა იყოს, დაახლოებით, ხაჭაპურის ცომზე უფრო მაგარი.
ცომს როცა მოამზადებთ, დაუცადეთ აფუვდეს, მანამდე კი დაკეპეთ ხორცი და დაუმატეთ ხახვი, ნიორი და სუნელები.
გაითვალისწინეთ რომ სუნელების შეზავებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სუნეებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიყენება ხმელი ქინძი. ცნობილი ინფორმაცია, რომ კუბდარში კანაფს (მარიხუანას) ურევენ, არასწორია. ნუ გამოიყენებთ მას კუბდარის გაკეთებისას.
როცა ორივეს მოამზადებთ, ცომსაც და გულსაც, კუბდარი უნდა გამოაცხოთ ისე, როგორც ხაჭაპური, თუმცა ერთი განსხვავებით- ხაჭაპურს თხელი ცომი სჭირდება, კუბდრის ცომი კი სქელი უნდა იყოს. თუ პირველივე ჯერზე იმ გემრიელ კუბდარს ვერ გამოაცხობთ, რაც სვანეთში გაგისინჯავთ, არ დაკარგოთ იმედი-კუბდრის საიდუმლო სუნელების სწორად შეზავებაშია, რაც გემოვნებასა და ხელზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ სვანურ კუბდარს, მარილს და “თაშმაჯაბს” (სვანური კერძი) – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სვანურ სამზარეულოს ტრადიციული მეთოდით დამზადებულ კერძებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების №2/34, შედეგად მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოიცა. ამავე ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სვანურ ხალხურ საკრავს „ჭუნირს“ და სვანურ ქუდს.