ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში თურქეთიდან შემავალი რუსეთის მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა. საკონსულოში აცხადებენ, რომ აგვისტოს თვეში მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება და რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებენ, თუ თურქეთიდან საქართველოში შესვლას გეგმავენ, მხედველობაში მიიღონ ეს ფაქტორი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ოკუპირებული ყირიმის, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.
“ბოლო დროს, გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოს ტერიტორიაზე შეშვებაზე თურქეთ-საქართველოს საავტომობილო გამშვები პუნქტის, სარფის გავლით. როგორც წესი, ქართველი მესაზღვრეების უარი, არაფრით არ არის დასაბუთებული. ასეთი უარის მიზეზები არ არის განმარტებული. რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მაცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. ხშირად, უარს ეუბნებიან რუსეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ და თურქეთში კერძო ავტომობილით მიდიან. ამ შემთხვევაში, ერთადერთი კანონიერი ვარიანტი, თურქეთის ტერიტორიიდან ავტომობილის გამოსაყვანად სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებაა, რომლის მომსახურებაც რუსეთში 2 900 ამერიკული დოლარიდან იწყება. მიმდინარე წლის აგვისტოში, გენერალური საკონსულო საქართველოში შეშვებაზე უარის თქმის შემთხვევებს თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს, თუ თურქეთიდან საქართველოში შესვლას გეგმავთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

