უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, რომელიც დონეცკის ოლქში იბრძოდა, კიდევ ოთხი ქართველი ჯარისკაცი კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი მებრძოლები ავრცელებენ.
მათი თქმით, გარდაცვლილი ჯარისკაცი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ კრამატორსკში მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 25 აგვისტოს, შეტაკებებისას დაიჭრა კიდევ ოთხი ქართველი მებრძოლი.
“ერთ-ერთ ქართულ დანაყოფში არის 4 ქართველი დაჭრილი, ერთი აზერბაიჯანელი გარდაცვლილი. სხვა დანაყოფში არის სამწუხაროდ გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რომელიც სლავიანსკის მიმართულებით იბრძოდა. ჯერ კიდევ ვადგენთ მეომრები მასზე არსებულ ინფორმაციას”, – განუცხადა ერთ-ერთმა მებრძოლმა, ნოდარ ყარალაშვილმა “მთავარ არხს”.
კიდევ ერთი მებრძოლის, რომეო ფარულავას თქმით, ქართველი მებრძოლები ორი დღის წინ დაიჭრნენ.
“მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს, მის თანამებრძოლებს. გმირულად დაიღუპა ეს ბიჭი. როგორც ჩემთვის ცნობილი, მოხვდა ე.წ. ზასადაში და კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს მოხდა კრამატორსკის მიმართულებით. გუშინწინ საღამოს დაიჭრა 5 მებრძოლი, აქედან ოთხი არის ქართველი, ერთი უკრაინელი. დაღუპულია აზერბაიჯანელი მებრძოლი”, – ამბობს ის.
დაღუპულის თანამებრძოლების თქმით, მისი ცხედარი მეომრებმა უკვე გამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან. ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.