ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ მინდა მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე”

იუსტიციის საბჭო მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ განცხადებას ამზადებს

გადააყენებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს თანამდებობიდან სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.

როგორც „მეტრონომს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ განუცხადა საბჭო მუშაობს განცხადებაზე, რომელიც დღეს უნდა გავრცელდეს და სწორედ ამ განცხადებიდან გაიგებს საზოგადოება რა მოტივით დაიწყო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის დისციპლინარული დევნა იუსტიციის საბჭომ. თევზაძემ “მეტრონომის” დანარჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ჩვენ ვცადეთ  ახვლედიანთან დაკავშირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ, მედიასთან ძალიან აქტიურ თავმჯდომარეს დღეს ტაიმაუტი აქვს აღებული და მას შემდეგ გააკეთებს განცხადებას, რაც იუსტიციის საბჭო განცხადება დღის სინათლეს იხილავს.

თავად ახვლედიანი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საბჭომ მის მიმართ დისციპლინური დევნის გადაწყვეტილება, მის მიერ სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო.

მისი ბოლოდროინდელი განცხადებები მართლაც სასამართლო სისტემას, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს ეხებოდა.

“მე ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას ვერც ამ უზენაესი სასამართლოს პირობებში და ვერც ამ საბჭოს პირობებში. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ ნამდვილად, იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ვერც ერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი. თუ ნამდვილად ვერ დავინახავ მიმართულებებს სასამართლო სისტემაში და სწორ განვითარებას, აქ მე არც ხელფასისთვის და არც სკამისთვის არ ვარ. ნამდვილად არ მინდა, რომ მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე. მაგრამ არც ისე ჩათვალოს ვინმემ, რომ მარტივად, რახან არაფერი არ ხდება, სახლში წავალ, ასე ნამდვილად არ ვიქნები.  ბოლომდე ვიბრძოლებ.”-აცხადებს ახვლედიანი.

სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბარს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ კონკრეტული მასალებიც მალე მოაყოლა, რამაც საზოგადოებაში მის მიერ ადრე გამოთქმულ ბრალდებებს მეტი ლეგიტიმურობა შესძინა.

“მოგეხსენებათ, საქართველოში მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის ორგანიზების უზრუნველყოფა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ტარდება ორ ეტაპად: ტესტური და წერითი გამოცდის ფორმით.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას. განვმარტავ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები და კაზუსები განეკუთვნება სრულად კონფიდენციალურ ინფორმაციის სახეს და მასზე წვდომა გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს ან მათ მიერ ვიწროდ განსაზღვრულ პირებს. ამასთან, საგამოცდო ტესტები განეკუთვნება იმ კატეგორიის დახურულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“. – განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ჩნდება კითხვა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე „წინა ხელისუფლების“ „ნარჩენია“ ქართულ სასამართლო სისტემაში, თუ ის მართლაც შეძლებს დაამტკიცოს, რომ რეფორმა, რომელიც 2012 წლიდან სასამართლოში იგეგმებოდა არ განხორციელდა…

მანამდე კი „მეტრონომი“ გთავაზობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „თავსატეხის“ მამუკა ახვლედიანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობას.

მამუკა ახვლედიანს 2005-2007 წლებში ეკავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობა, 2007-2012 წლებში კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის 26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

 

 

იტვირთბა....