ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი ცივილიზებული სამყაროს დღე

“დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც აღინიშნებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

ხოშტარიას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი ცივილიზებული სამყაროს დღე.

“დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ტერორისტულმა სახელმწიფომ, განახორციელა აგრესია უკრაინის მისამართით. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი თავისუფალი ცივილიზებული სამყაროს დღე. იმიტომ, რომ უკრაინა იქცა ბოროტებასთან მებრძოლი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის დღე, არამედ ეს არის მთელი თავისუფალი სამყაროს დღე და განსაკუთრებულად საქართველოს დღე. იმიტომ, რომ დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა გარდაცვლილ ადამიანს – მშვიდობიას თუ სამხედროს, იმ 18 ქართველ სამხედროს, რომელმაც უკრაინის მიწაზე ჩვენი ქვეყანა დაიცვა და შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც აღინიშნებოდეს ეს დღე.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არა თუ არ შვრება, არამედ ბათუმში დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ გადადგა სამარცხვინო ნაბიჯები და უზღუდავს ბათუმში აქციას სცენას და ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს ეს მცდელობა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და დღეს 20:00 საათზე ბათუმში ანბანის კოშკთან შეიკრიბებიან ადამიანები, პატივს მიაგებენ უკრაინას და იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, თბილისში 19:00 საათზე ადგილობრივი უკრაინელებისა და აქ ჩამოსული უკრაინელების ინიციატივით და ყველა აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, იმართება აქცია-მსვლელობა”, – ამბობს “დროას” ლიდერი.

დღეს, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მოქალაქეები და სამოქალაქო ატივისტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციის გამართვას გეგმავენ.

იტვირთბა....