ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფორმულა, მთავარი და TV პირველი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ფორმულა, მთავარი და TV პირველი ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ხელმომწერი მაუწყებლები ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული პარტია “ქართული ოცნების” განცხადება, რომლის მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ჩვენი დასჯა და მძიმე ფინანსური სანქციების დაკისრებაა.

საქმე ეხება 2022 წლის 8 აგვისტოს პარტია “ქართული ოცნების” მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს სამი კრიტიკული მედიის- “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” სამართალდამრღვევად ცნობას 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო.

“ქართული ოცნება” განცხადებაში მანიპულაციურად უთითებს, რომ სადავო რეკლამა წარმოადგენს პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას და ემსახურება მმართველი პარტიის და მისი წარმომადგენლების უარყოფითად წარმოჩენას, მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას და სამომავლოდ, არჩევნებში მათთვის ხელის შეშლას.

აღნიშნულის გათვალისწინებით კი, განმცხადებლის აზრით, სადავო კლიპი არის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც არ უნდა განთავსდეს არასაარჩევნო პერიოდში. 2022 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე კომისიას უნდა გადაეწყვიტა ამ განცხადების დასაშვებობა. ამ მიზნით, ვალდებული იყო შეეფასებინა, არის თუ არა “ქართული ოცნება” ამ ტიპის განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი, ხოლო კომისია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი.

სამივე მაუწყებლის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური, ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება.

მაუწყებლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ “ქართული ოცნების” მიერ სადავოდ გამხდარი რეკლამა წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას, სრულად ექცეოდა სოციალური რეკლამის კანონისმიერ დეფინიციაში, განთავსებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ „შინ ევროპისაკენ“ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება იყო.

შესაბამისად, თუ ამ რეკლამის შინაარსი მიუღებელი იყო “ქართული ოცნებისთვის”, მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, მას თავისი უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, არა მაუწყებლის არამედ რეკლამის დამკვეთის წინააღმდეგ უნდა გაეგრძელებინა. კომისიამ ასევე თავი აარიდა მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია “ქართული ოცნება” არ არის უფლებამოსილი სუბიექტი/დაინტერესებული პირი, იდავოს კომისიაში მსგავს საკითხზე, რადგან რეკლამაში ნაჩვენები პირები არიან მაღალი პოლიტიკური/სახელმწიფო თანამდებობის პირები და ისინი განცხადებებს არა პარტია “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს სახელით აკეთებენ, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის ურთიერთგამიჯვნის საკითხი, დემოკრატიულ სახელმწიფოს საკვანძო მახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ რეკლამაში არ გვხვდება პარტია “ქართული ოცნების” მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშნები ან/და სიმბოლიკა, შესაბამისად, გაურკვეველია რაზე დაყრდნობით მიიჩნია კომისიამ “ქართული ოცნება” დაინტერესებულ პირად.

საყურადღებოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე კრიტიკული მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს, ერთი მხრივ, კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას.

კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

კომისიამ საქმის არსებითი განხილვის სხდომა 2022 წლის 23 აგვისტოს, 15 საათზე დანიშნა. ტელეკომპანიების ინტერესებს კომუნიკაციების კომისიაში იცავენ ორგანიზაციები “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და “დემოკრატიის მცველები”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....