ყირიმის აფეთქების შედეგად საკის ავიაბაზაზე დაახლოებით 8 რუსული ვერტმფრენი განადგურდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს მოსკოვის სამხედრო ავიაციის ყველაზე დიდი ერთდღიანი დანაკარგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
CNN-მა გადაამოწმა საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ავიაციის დანაკარგების შესახებ არსებული რამდენიმე მონაცემი. თანამედროვე რუსეთში არ არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგების მტკიცებულება ერთ დღეში.
“განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავები, როგორც ჩანს, სუ-24 ბომბდამშენები და სუ-30 მრავალფუნქციური გამანადგურებლები არიან”, – თქვა პიტერ ლეიტონმა, გრიფიტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომელმა და ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილმა მფრინავმა, რომელმაც გამოიკვლია პლანეტის ლაბორატორიის თანამგზავრული ფოტოები, სადაც ნაჩვენებია საკის საჰაერო ბაზა ადრე და აფეთქებების შემდეგ.
ცნობისთვის, BBC-ი ავრცელებს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს და იუწყება, რომ ყირიმის ავიაბაზა აფეთქების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.
საგულისხმოა, რომ ყირიმი 2014 წლიდან რუსების მიერ არის ოკუპირებული.
ამავე თემაზე: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში

