“ჩვენ შევცვალეთ თამაშის წესები” – აღნიშნულის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას მძიმე ტექნიკა არ ჰყოფნის და იმ იარაღით, რომელიც აქვთ რუსეთის შეტევებს ვერ გაუმკლავდებიან.
“დასავლური იარაღი ჯერ კიდევ ძალიან გვაკლია. ჩვენ ვაწარმოებთ დიდ კონტინენტურ ომს, ფრონტის ხაზი 1300 კმ-ია და ჩვენ უნდა დავიცვათ 2600 კმ-ზე მეტი. ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს დასავლური იარაღი, მაგრამ მეტი გვჭირდება. ეს არის პრობლემა. მართალია, ზაპოროჟიეს მიმართულებით ოდნავ წინ წავედით, რის გამოც იქ ძალები გადაჰყავთ. მაგრამ სრულფასოვანი და ეფექტური შეტევისთვის ჩვენ გვაკლია მძიმე ტექნიკა. მართალია, პოლონეთმა დიდი რაოდენობით ტანკები მოგვცა, კარგად აკეთებენ. თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის ლოკალური ომი, ეს არის დიდი კონტინენტური კონფლიქტი, უდიდესი ომი 1945 წლის შემდეგ და ამდენი იარაღით მას ვერ გავუმკლავდებით.
უკრაინას ისევე რომ უჭერდნენ მხარს, როგორც პოლონეთს, ჩვენ უკვე ვლადივოსტოკში ვიქნებოდით. მაგრამ ყველა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობები და ყველა ქვეყანას არ სურს დაეხმაროს უკრაინას. არსებობს საერთო სოლიდარობა, ისინი რაღაცას ავრცელებენ, მაგრამ ევროპა განიარაღდა 1991 წლიდან და ბევრ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს საკმარისი იარაღი.
HIMARS-ის გამშვებები ძალიან დაგვეხმარნენ, რადგან მხოლოდ პირველ ორ კვირაში გავანადგურეთ 50-ზე მეტი საწყობი საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკით. მანამდე მათ დღეში 45 000-მდე რაკეტა ისროლეს, ახლა დაახლოებით 15 ათასი. ეს გამოწვეულია HIMARS-ით. თუმცა რუსებმა შეტევა განახორციელეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ უპირატესობა არტილერიაში. ჩვენ შევცვალეთ თამაშის წესები. მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღრმად უწევთ საწყობების და ლოჯისტიკური ცენტრების გადატანა და ეს მათ ტემპს საგრძნობლად ანელებს. რაც უფრო მეტ ამ გამშვებს მივიღებთ, სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება ჩვენს სასარგებლოდ”, – აცხადებს არესტოვიჩი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

