უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეექვსე თვეში, გერმანიის მეშვიდე კანცლერმა, როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გერჰარდ შრედერმა , რომელიც მეგობრულ ურთიერთობაშია აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, დასავლეთს, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის “სურვილების სია” გადასცა.
შრედერმა თქვა, რომ „კრემლს სურს მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნა“ და ეს „კარგი ამბავია“.
”პირველი წარმატება არის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა თანდათან გაფართოვდეს ცეცხლის შეწყვეტამდე”, – თქვა მან.
გარდა ამისა, პუტინის მეგობრის თქმით, უკრაინის ნატოში წევრობის ალტერნატივა სავარაუდოდ „შეიძლება იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი, როგორც ეს ავსტრიაშია“.
შრედერმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასისთვის „აუცილებელია გამოსავლის პოვნა შვეიცარიის კანტონური მოდელის საფუძველზე“.
ცნობისთვის, შრედერს, რომელიც ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობას 1998 წლიდან 2005 წლამდე, წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ რუსულ სახელმწიფო კომპანიებში მუშაობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მასზე ზეწოლა გაიზარდა. მაისის ბოლოს შრედერს გერმანიაში ჩამოერთვა ის პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობდა როგორც ყოფილი კანცლერი. კერძოდ, დახურეს მისი ოფისი, რომლის საშტატო ხარჯები მხოლოდ 2021 წელს სახელმწიფო ხაზინიდან 400 ათას ევროზე მეტს შეადგენდა. თუმცა, 78 წლის პოლიტიკოსს ჯერ კიდევ აქვს პირადი დაცვისა და პენსიის უფლება.

