შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში ელჩი დეგნანი ამბობს, რომ „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე როდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“.
მისი თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“.