ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, საგანგებო კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწია, რის გამოც, დაავადების სწრაფი გავრცელების ფონზე, თავად მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო შეშფოთების საგანია.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მაიმუნის ყვავილის რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც რისკს ვაფასებთ როგორც მაღალს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე მსოფლიოს 75 ქვეყანაში დაავადების 16000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ხუთია.
მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმის გამოცხადებაზე ჯანმომ ივნისის ბოლოსაც იმსჯელა, თუმცა, მაშინ ის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ იქნა აღიარებული.