ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.
პრეზიდენტმა სხვა თემებთან ერთად,   საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და  “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები ახსენა:
“გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საქართველო – რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია.

“საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა და კონფლიქტები რჩება. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას. ეს ურთიერთობა საჭიროებს გზავნილს, რომ ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. რომ, ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით. კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....