ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, ბაჩო კიკაბიძის თქმით, ტელეკომპანია გამართულად მაუწყებლობს და მას გია გაჩეჩილაძის შველა არ სჭირდება.
„უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ არხი იძარცვება. ტელეარხი სწორედ იმ პერიოდში იძარცვებოდა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სწორედ, გია გაჩეჩილაძე აქტიურად ერეოდა ტელევიზიის საქმიანობაში“, – განაცხადა კიკაბიძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიაში მაკა ასათიანი შემოვიდა არხი ღრმა კრიზისიდან გამოვიდა, ამ ხნის განმავლობაში კი გაჩეჩილაძეს არხზე არცერთი პრობლემა არ მოუგვარებია.
„სად იყო მაშინ, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა “მაესტროს” ოფისში და აცხადებდა, რომ “მაესტრო” თვითონ იყო. სასამართლო პროცესებზე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი მრავალმილიონიან ჯარიმებს ითხოვდა, არც მაშინ მინახავს,” – განაცხადა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით ირკვევა, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს „სტუდია მაესტროს“ წილების 55%-ს ფლობს.
რეესტრში 2 თებერვალს გატარებული ამონაწერის მიხედვით, აქტივების 15%-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტია, 5%-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ის კი მაკა ასათიანი. გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები – 30% გადაუფორმეს.
ამონაწერის მიხედვით, „გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს “სტუდია მაესტროს” კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე”.