ახალი ამბები სპორტი

კობიაშვილი: მიუღებელია ხვიჩას სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებით

მიუღებელია ხვიჩას სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებით, – აღნიშნულის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

“ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.
არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას. ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს.

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას”, – წერს კობიაშვილი.

იტვირთბა....