შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა სამხედრო თვითმფრინავით ქვეყნიდან გაიქცა. ამას წინ უძღოდა ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაწყებული მასობრივი პროტესტი. როგორც BBC-ს ქვეყანაში დაუდასტურეს, 73 წლის რაჯაპაკსა ცოლთან და უსაფრთხოების სამსახურის ორ თანამშრომელთან ერთად, მალდივებზე ჩაფრინდა.
“ისისინი ქალაქ მალეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე ჩაფრინდნენ”, – წერს გამოცემა, რომელიც წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გოტაბაია რაჯაპაკსა მალდივებზე დარჩენას არ აპირებს და მესამე ქვეყანაში გადასვლას გეგმავს.
ამასთან, 13 ივლისს, რაჯაპაკსამ პირობა დადო, რომ გადადგებოდა. BBC-ს ცნობით, მანამდე, შრი-ლანკის მთავრობა გადადგომასა და ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაცემას დასთანხმდა.
როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, გოტაბაია რაჯაპაკსას წასვლით დასრულდა ოჯახური დინასტია, რომელიც შრი-ლანკას ათეულობით წლის განმავლობაში მართავდა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მას შემდეგ იმალებოდა, რაც გასულ შაბათს პროტესტის მონაწილეებმა მისი რეზიდენცია შტურმით აიღეს.
შრი-ლანკა ასევე დატოვა მისმა ძმამ, ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ბეზილ რაჯაპაკსამ, რომელიც არსებული ინფორმაციით აშშ-ში მიემგზავრება.