უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე დაწესებული სანქციებით, ევროკავშირს რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისთვის უკვე 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები აქვს დაყადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისარი დიდიე რეინდერსი ავრცელებს.
”ამ მომენტისთვის, იმ ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების აქტივები, რომლებიც გაყინული გვქვს, ჯამში 13.8 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 12 მილიარდ ევროზე მეტი ხუთ წევრ ქვეყანაზე მოდის მოდის, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”, – აღნიშნა ევროკომისარმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობს.
როგორც რეინდერსი აცხადებს, ამჟამად, ევროკავშირს 98 ორგანიზაცია და თითქმის 1160 ფიზიკური პირი ჰყავს “შავ სიაში” შეყვანილი.