საზოგადოება

როგორ მოვირგოთ თმის ფერი: რომელ სახეს რომელი საღებავი უხდება

სტილისტი გვირჩევს, როგორ მოვირგოთ თმის ფერი სწორად და რომელ კანის ფერს რა ფერის თმა უხდება:

1, სანამ თმის ფერს შეიცვლიდეთ, საფუძვლიანად შეისწავლეთ საკუთარი თავი სარკეში. საღებავი სწორად რომ შეარჩიოთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ბუნებრივი თმისა და თვალის ფერი, კანის შეფერილობა.
მაგალითად, თუ თქვენი კანი მიდრეკილია გაწითლებისაკენ, დაივიწყეთ მოწითალო ტონალობის თმის ფერები. ისინი თქვენს ისედაც შევარდისფრებულ სახეს დამატებით მოწითალო ფერს მისცემს. ყურადღება ცივ ტონებზე გაამახვილეთ.

თუ მუქი კანი და ყავისფერი თვალები გაქვთ, ცივ ფერებს ნუ გამოიყენებთ, რადგან რამდენიმე წლით დაგაბერებთ.

ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს. გახსოვდეთ: ოქროსფერი თმა უხდება მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ, ან იდეალური სახის კანის მქონე ქალბატონებს.

დაიმახსოვრეთ კიდევ ერთი წესი; ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

2, თუ გიჭირთ, ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისაკენ.

3,  თუ ერთი ან ორი ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ.

კიდევ ერთი წესი – მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს.

4,  თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჟღალთმიანი, თუ… თქვენ ამის განწყობა გაქვთ! საკვირველია, მაგრამ ამ ფერის თმა – უნივერსალურია და თითქმის ყველა ქალს უხდება! ყველაზე მეტად ცივი ტონალობის კანის მქონე ქალბატონებს.

5, თბილი შეფერილობის კანის მქონე ქალებისთვის შედარებით ძნელია ტონის არჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. თუ კანი მოოქროსფერო ან ატმისფერია, მიაქციეთ ყურადღება სპილენძისფერის უფრო თბილ ტონებს, რომელთაც ყვითელი ფერის საფუძველი (ბაზა) აქვს.

6, წითელი ფერის ტონიც უამრავია. ასეთი ფერი ყველაზე მეტად ბუნებრივად შავგვრემნებს მოუხდებათ, რომლებსაც შოკოლადისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვთ.

7, ცისფერი და იასამნისფერი თმით ყველაზე მეტი შანსი, რომ „მალვინას“ დაემსგავსონ, ღია ფერის კანისა და ღია ფერფლისფერი თმის მქონე გოგონებს აქვთ! ასეთ ფერებთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ! მათ შეუძლიათ, კანს მოყვითალო ელფერი მისცენ და ყოველი ნაკლი და ხარვეზი გამოკვეთონ.

8, თმის ფერის შეცვლის დღიდან არ დაგენანოთ ფული კონდიციონერების, ბალზამებისა და სხვა დამცავი საშუალებებისთვის. და არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ მაკიაჟის ფერებიც.

 

წყარო: fortuna.ge

იტვირთბა....