სკანდალური დოკუმენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ახვლედიანმა გააცნო კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ საბჭოს, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისას, ჰქონდა გარკვეული დარღვევები. საუბარია ერთ-ერთ კონკურსანტზე, რომ მან წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, იმისთვის, რომ გამხდარიყო მოსამართლე. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ ერთ კონკურსანტს არ ეხება და მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყო.
არასამთავრობოების განცხადებით, აუცილებლია ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მან გამოიკვლიოს ვინ გაიტანა კონკრეტული დოკუმენტაცია და ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს.
“მისი ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ის ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მართალია, ეს არის დარღვევა და შესაბამისმა ორგანოები ეს უნდა შეისწავლონ. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ ჩვენ გავქვს პრობლემა მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში. აქ იყო საუბარი კონკრეტულ ტესტზე, რომელიც იყო გატანილი და რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გამოცდაში. ნამდვილად არ უთქვამს, კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი და თუმცა, ცხადია, რომ ამაში რომ არ ყოფილიყო მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება,“ – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
სასამართლო სისტემა ბოლო დროს მუდმივად ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებით რეზონანსული ლევან მურუსიძის სააპელაციო მოსამართლედ დანიშვნის საკითხი გამოდგა.
“მეტრონომთან” საუბარში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა სასამართლო რეფორმის კრახზე და ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს.
“ეს არის სასამართლო რეფორმის კრახი, პრინციპში ეს რეფორმა არც დაწყებულა ეს იყო უბრალო იმიტაცია. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ატარებდა სასამართლო რეფორმას, თუმცა, მურუსიძის დანიშვნამ გამოაჩინა, რომ დღეს ჩვენი სასამართლო სისტემა არის ზუსტად იგივე, რაც წინახელისუფლების პირობებში იყო. სანამ “ქართული ოცნება” იქნება რაიმე პოზიტიურ ძვრებს არც უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით”. – აცხადებს კუკავა.
რაც შეეხება ახვლედიანის განცხადებას, კუკავა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ურჩევს დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბრალდების სერიოზულობიდან გამომდინარე.
“ამ თემაზე ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ სერიოზული ბრალდებაა. მან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი მონაცემები. ცოტა გაუგებარია, ბრალდება ნინო გვენეტაძის მისამართით. დღეს ყველას ვისაც გული შესტკივა სასამართლო სისტემაზე, მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძე არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ამ სივრცეში. რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის ინდულგენცია, მაგრამ როდესაც ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანთან დაკავშირებით საუბრობენ ასეთ ბრალდებებზე ეს დადასტურებული უნდა იყოს”. – ამბობს კუკავა.
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი უზენაესი სასამართლო თავმჯდომრის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს “თეთრ ყვავსაც” კი უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებს ვერ შეაქვს წილი სასამართლო დამოუკიდებლობის საქმეში. კუკავას თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაიმორჩილა სასამართლო სისტემა და ამ პროცესში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მხოლოდ შემსრულებელი იყო.
“კონტროლი სასამართლო სისტემაზე უკვე დამყარებულია. ბიძინა ივანიშვილს აქვს პირდაპირი კავშირი ორ ადამიანთან ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შოთაძესთან . მათი მეშვეობით აკონტროლებს სასამართლოსა და პროკურატურას. ამ შემთხვევაში ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებს ქალბატონი წულუკიანი, რომ მან უნდა გაამართლოს ეს ყველაფერი”. – აცხადებს კუკავა.
მასალაზე მუშაობის პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ახვლედიანი წყაროს არ ასახელებს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოხდეს მისი წყაროს დასახლება.
“ერთი კონკრეტული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით არის და შესაბამისად, სხვებზე ვერ ვიმსჯელებ რა ხდებოდა, სწორედ ამიტომ გადავეცი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამის თაობაზე მათ მოიკვლიონ ინფორმაციები და გადაამოწმონ წინა გამოცდებზე როგორ ხდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო, რა მასალებიც მაქვს.” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მურუსიძემ.
„ეტყობა ამით ვიღაცა ცდილობს, რომ თავდაცვის რაღაც რეჟიმში ჩადგეს და რეალურად რაღაც თემები, გარკვეული საკითხები, რომელზეც საბჭო მუშაობს, რომელიც შეიძლება გარკვეულ პირებს შეეხოს და შესაბამისად თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ რეალურად ვითომ არის ვიღაც, გარკვეულ საკითხებზე მებრძოლი, ამასთან დაკავშირებთ, ეტყობა ვადაზე ადრე გაჟონა ინფორმაციამ, რომელზე იუსტიციის საბჭო მუშაობდა,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
მარიამ ვარადაშვილი