ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: კობახიძე წარმოუდგენლად უტიფარია – ჯერ სტატუსი მოგვეცით და მერე შევასრულებთ პირობასო

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში დაწევს საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე.

ხუხაშვილის შეფასებით, ეს კობახიძის მხრიდან საბოტაჟის მცდელობაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

“ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური უტიფრობა. ეს ადამიანი ეწევა პირდაპირ საბოტაჟს, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. არამგონია, ამდენად ბრიყვი იყოს და არ ესმოდეს, რომ გვითხრეს – შეასრულეთ პირობები და ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოგცემთო, ეს კი ეუბნება, ჯერ მოგვეცით და მერე შევასრულებთ პირობებსო. ანუ, წარმოუდგენლად უტიფარია. ის ეწევა პირდაპირ საბოტაჟს, ძალიან მარტივად არის საქმე. ამას დავალებით აკეთებს, სიბრიყვით თუ იმის გამო, რომ პოლიტიკური სოციოპათია, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მისი სიტყვა, შანტაჟის ენაზე ლაპარაკი, პირდაპირი მნიშვნელობით არის საბოტაჟი. ვინ ენდობა ირაკლი კობახიძეს? ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმეს [შარლ მიშელის შეთანხმება] და ახლა იმას ამბობს, ჯერ თქვენ მოგვეცით სტატუსი და მერე მე რამეს გავაკეთებო? ვინ ენდობა ერთ ნაბიჯზე მის სიტყვას?”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....