კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, მედიის წარმომადგენლების ქცევა “წარმოშობს იმ ატმოსფეროს, რომელ ატმოსფეროშიც განხორციელდა 5 ივლისი”. ამის შესახებ ხაინდრავამ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან 2021 წლის 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის შეფასებისას “მეტრონომს” განუცხადა.
მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა.
“მემგონი, არაფერი არ გაკეთდა და კიდევ გაუარესდა – არც რადიკალური ჯგუფები დაცხრნენ და არც პრესის უგუნურება არ გამოსწორდა, რადგან მათ არ ესმით, რომ ადამიანებთან აქვთ საქმე და არ უნდა გამოიწვიონ ადამიანი. ბუნებრივია, დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა და ის, რაც მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, პრესის წარმომადგენლების მიმართ იქნება ეს ძალადობა განხორციელებული თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლის. ჟურნალისტები არაფრით გამორჩეული არ არიან სხვა ადამიანებისგან, არც სოფლის მეურნეობაში მოღვაწე ხალხისგან და არავისგან, მაგრამ მოთმინება არის ძალიან მყიფე, მით უმეტეს, ამ მძიმე დროში, სადაც ამდენი ძალადობა, ამდენი ყვირილი, ამდენი ცილისწამება არის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ, რომ პრესიდან მოედინება. ეს განაპირობებს ვანდალიზმს, ეს განაპირობებს ძალადობას. ძალადობა შობს ძალადობას. ფსიქოლოგიურ ძალადობას მერე მოჰყვება ფიზიკური ძალადობა. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე ერთი წამით მაინც შეიძლება რაიმე ფორმით გავამართლო ძალადობა, ის რაც იყო, აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, პრესაც რომ დაფიქრდეს, როცა უვარდები ადამიანს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, როდესაც ბავშვებს დასდევ მიკროფონით, როდესაც ტყუიხარ და ცილს წამებ საკუთარ ქვეყანას და ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონს, ეგ ყველაფერი იმ ატმოსფეროს წარმოშობს, რომელ ატმოსფეროშიც განხორციელდა 5 ივლისი – სამარცხვინო დღე როგორც ერთი მხარისთვის, ისე, მეორე მხარისთვის”, – აცხადებს ხაინდრავა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს თბილისში, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს.
გოგა ხაინდრავა