პარლამენტმა უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე გადიან.
დღეის მონაცემებით კი, ასეთი სულ სამი კომპანიაა: “საქართველოს ბანკი”, მის მიერვე დაარსებული სამედიცინო კომპანია “ევექსი” და “თიბისი ბანკი”.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული კომპანიები პარლამენტმა ბიუჯეტში მილიონობით ლარის შეტანის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 24 დეკემბრის №4720 – რს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები.
„მეტრონომი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომისტს გივი ადეიშვილს ესაუბრა.
„აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ კომპანიებს, რომელთაც სურთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყვნენ განთავსებულები განთავსების ხარჯები გამოექვითებათ მოგებიდან და შემდეგ უკვე დარჩენილი დაიბეგრება. ეს გარკვეული შეღავათია. ერთობლივი შემოსავლიდან გამოაკლდება ის ხარჯები, რომელსაც გადაიხდიან ამ განთავსებაში. აქ საუბარია მხოლოდ იმ გადასახადებზე, რომელიც საჭიროა განთავსებისათვის. აქ საუბარი არ არის მოგების გადასახადის მოხსნაზე, ან სხვა სახის შეღავათზე. აღნიშნული კანონპროექტი გამიზნულია იმისათვის, ხელი შეეწყოს კაპიტალის განვითარებას. ზოგადად ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება ხელს უწყობს, იმას, რომ აღნიშნულმა კომერციულმა ბანკებმა უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოიზიდონ ფინანსური რესურსები, რაც აისახება ადგილობრივ ბაზარზე. ამან შეიძლება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც გამოიწვიოს“. – აცხადებს ადეიშვილი.
ჩვენს კითხვაზე რა ეკონომიკურ სარგებელს შეიძლება ელოდოს ხელისუფლება ამგვარი შეღავათის შემდეგ, ადეიშვილი პასუხობს: “ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა აღნიშნული კომპანიებისთვის, რომლებიც განათავსებენ აქციებს საფონდო ბირჟაზე. ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, რაც ბაზარზე დადებითად იმოქმედებს ვინაიდან ბაზარზე გაიზრდება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა ეკონომიკაში. ეს ყველაფერი გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას“.
“კომერსანტთან” ცვლილების არსს განმარტავს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი, რომლის თქმითაც, საერთაშორისო ბირჟებზე გასვლასთან დაკავშირებული დანახარჯები მოგების გადასახადისგან გამოქვითვადი ხდება.
ლალაზაშვილი აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ბევრი კომპანიისთვის ეს დანახარჯები საკმაოდ დიდი იყო. საუბარია, მაგალითად, კონსულტანტების დაქირავების ხარჯზე და ასე შემდეგ, რომელიც როგორც წესი კომპანიებს რამდენიმე მილიონი უჯდებოდათ.
„თუ კომპანია აპირებს ლონდონის ბირჟაზე გასვლას, დანახარჯი შეიძლება რამდენიმე მილიონი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ეს დანახარჯები ხდება გამოქვითვადი მოგების გადასახადისგან, ანუ მოგების გადასახადისგან არ დაიბეგრება ასეთი ხარჯები, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა” – აცხადებს ლალაზაშვილი.
მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში აღნიშნული სახის ცვლილება კომპანიების მოთხოვნამ განაპირობა. ლალაზაშვილის თქმით, ეს ფაქტი კომპანიებისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ერთგვარი სტიმული იქნება.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „მეტრონომთან“ ინტერვიუში დადებითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილება, თუმცა უარყოფით ასპექტებზეც საუბრობს, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს.
„ნებისმიერი შეღავათი ბიზნესისთვის კარგია, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმაზე, რომ მარტო ეს სამი კომპანია არ არის ბაზარზე და შესაბამისად, კონკურენტებთან შედარებით კონკრეტული კომპანიებისთვის რაღაც პრივილეგიების მინიჭებით, სხვა კომპანიები ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება შეიძლება სხვა კომპანიებისთვის სტიმული იყოს, რომ მათაც გაიტანონ თავიანთი აქციები საერთაშორისო ასპარეზზე. ეკონომიკის სარგებელი იქნება ის, რომ ამ კომპანიებმა შეძლონ მეტი სარგებლის მოტანა. რაც კარგია ნებისმიერი კომპანიისთვის კარგია ეკონომიკისთვის“. – ამბობს ხორგუაშვილი.
ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით “პრივილეგირებულ” კომპანიებს, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
მისცემს თუ არა მთავრობის მხრიდან ბაზრის მსხვილი მოთამაშეების წახალისების პრეცედენტი სხვა კომპანიებს სტიმულს, რთული სათქმელია, თუმცა შეღავათებით, შესაძლოა ხელისუფლებამ მცირე კომპანიების სტიმულირების ნაცვლად, მონოპოლია წაახალისოს.