ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი და მზეჭაბუკი: “რასაც ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა 100 პროცენტით შესრულდა”

„პირადად ჩემი მოსაზრება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დღეს არის გაცილებით მაღალი და აღმატებული, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, მაშინ გავიცანი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი. შემდგომმა წლებმა და ურთიერთობამ კი დამარწმუნა, რომ  თითქოსდა დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა, ქართული პოლიტიკისთვის იყო წარმოუდგენელი. სხვა სამყაროდან რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ამდენის გაღება საზოგადოებისთვის, ან პოლიტიკაში რატომ უნდა უნდოდეს მოსვლა, თუ არ დარჩება იქ… და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა სჭირდება, ან პასუხების დაჯერება ჭირდა, ეს იმდენად არაორდინალური და უპრეცენდენტო იყო. მე დავრწმუნდი არამხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში. დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც აკეთებდა და, როგორც აკეთებდა, უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, 100 პროცენტით შესრულდა.

„შესაძლოა, „ქართული ოცნება” რასაც დაჰპირდა, იქიდან რაღაც ნაწილი არ შესრულდა. რატომ ვერ შესრულდა, რა მიზეზით,  რა დაგვაკლდა, დაგვავიწყდა თუ რამე სხვა მიზეზის გამო ეს უნდა გაიზომოს.  ვინც საჯარო სამსახურში ვართ, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ქვეყანას“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან მოსალოდნელ არჩევნებზეც ისაუბრა: „არჩევნები არ არის მზეჭაბუკების გამოჩენის ადგილი, არჩევნები არის ძალიან მარტივი ამბავი, ოთხი შესაძლო კანდიდატიდან ვინ არის უკეთესი. მე შეიძლება მგონია, რომ ჩემი მზეჭაბუკი ჯერ არ დაბადებულა, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ არჩევნები ამის ადგილი არ არის.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილი ისე აქტიურად აღარ ჩაერთვება, როგორც 2012 წელს, როდესაც ის სისტემას თავად ხელმძღვანელობდა. როგორც უსუფაშვილი ამბობს, ამ საკითხში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, თუმცა ის იმასაც დასძენს, რომ სიის დაკომპლექტება კოალიციურ შეთანხმებას ნიშნავს და გადაწყვეტილების მიმღებ მხოლოდ ერთი პირი არ იქნება.

მან ისაუბრა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის დღეზეც და აღნიშნა, რომ ამ დღეს რაც შეიძლება საქმიანად უნდა შეხვდნენ და არა სკანდალებით.

„პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, როცა თქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მნიშვნელოვანი მოვლენა და თუ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება, რაიმე სხვა უფრო მნიშვნელოვანით არ იქნება დაკავებული, ის ამ შეხვედრას დაესწრება ხოლმე – არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად, მომავლშიც. იგივე პოზიცია დაიკავეს მთავრობის წევრებმა და ამ თემაზე პასუხი გაცემულია. ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენაზე და შესაბამისად, ამ სხდომაზე ყოფნის ვალდებულება აქვთ პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს. სხვა თანამდებობის პირებს – პრემიერს და მინისტრებს აქვთ უფლება, პარლამენტის სხდომებს დაესწრონ და სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის კარი, რა თქმა უნდა, მათთვის ღია იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.

 

იტვირთბა....