“საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ – ევროპული პერსპექტივა ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ სამუდამოდ გაუღო კარი საქართველოს და მთავრობის პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენა.
“საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ – ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას დამსახურებულად. ჩაიწერა პირდაპირ, რომ ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ხალხის იდეალების, ევროპული პრინციპების და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც. ამ პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და მე ვულოცავ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების დაპირება, რომ როგორც კი შევასრულებთ პრიორიტეტებს, მაშინვე მოგვენიჭება სტატუსი. ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა განსაზღვრული პირობა. ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არის მობილიზებული, რომ ყველა პირობა შევასრულოთ და რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.