ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე სამგორის გამგებელზე: კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ

თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის გუშინდელ Facebook პოსტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძემ გუნდის წევრებს მიმართა, გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების წინაშე აქვთ დაკისრებული.

“მე გუშინ გავაკეთე განმარტებები ამასთან დაკავშირებით – ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. შეიძლება, მე რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაცა შეიძლება უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს პირად სივრცეში, ხელშეუხებელია. თუმცა, პირადად ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს – ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებით. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ, თუმცა, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა სამხარაძემ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: “ჩემი თაობიდან ვინც აქციაზე მივიდა, სი*ები და ქვეყნის მტრები ხართ”, მოგვიანებით კი განმარტა, რომ სიტყვა “სი*რები” სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში არსებული კონტექსტით გამოიყენა – “სულხან-საბას ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს”, – განაცხადა მან.

სამგორის გამგებლის განცხადებებს გუშინ მმართველი გუნდის შეფასებები მოჰყვა. მათ შორის, იყო კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ “სიტყვის თავისუფლება მისი პირადი სივრცეა”.

ამავე თემაზე: “კობახიძე სამგორის გამგებელზე: არამსახურებრივ პერიოდში ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პოზიცია” – კობახიძე სამგორის გამგებელზე

იტვირთბა....