ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური გაათავისუფლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ავრცელებს.
მისივე ცნობით, უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო რუსულ ჯარში “წმენდა” გრძელდება.
ანალიტიკოსების აზრით, უმაღლესი სამხედრო სარდლობის საკადრო „წმენდები“ ომის წარმართვაში კრემლის ხანგრძლივ დისფუნქციაზე მიუთითებს.
საგულისხმოა, რომ რუსული მედია ადრეც წერდა რუსეთის არმიაში საკადრო ცვლილებების შესახებ.
მათი თქმით, ცენტრალური სამხედრო ოლქის მოქმედი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი შეცვლის რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების ამჟამინდელ მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვს.
ეს უკანასკნელი სამსახურიდან უკრაინაში წარუმატებლობისა და მედესანტეებს შორის დიდი დანაკარგების გამო გაათავისუფლეს.
სავარაუდოდ, კრემლი მალე არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს, რომელიც ახლა საჰაერო ძალებს მეთაურობს, სამხრეთ სამხედრო ოლქის (SMD) მეთაურად დანიშნავს, რაც ნიშნავს, რომ სუროვიკინი რეალურად შეცვლის “სპეციალური ოპერაციის” ამჟამინდელ მეთაურს ალექსანდრე დვორნიკოვს.
Bellingcat-ის გამომძიებლების თქმით, პუტინი დვორნიკოვის ლიკვიდაციას გეგმავდა მისი სასმლისადმი დამოკიდებულებისა და რუსული ძალების მხრიდან უნდობლობის გამო.
ამავდროულად, CIT-ის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დვორნიკოვი უკვე შეიცვალა და ახლა “სპეციალურ ოპერაციას” ხელმძღვანელობს გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ჟიდკო, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკურ განყოფილებას.
„ცალკე მეთაურის დანიშვნა და სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის შეცვლა ძირითადი საომარი მოქმედებების ფონზე არის რადიკალური ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს რუსეთის უმაღლესი სარდლობის სერიოზულ კრიზისზე და, შესაძლოა, კრემლის მიერ „წმენდაზე“. ასეთი როტაცია არ არის ისეთი ძალების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც დიდი წარმატების ზღვარზე არიან და მიუთითებეს კრემლის მუდმივ დისფუნქციაზე ომის წარმართვაში“, – წერს ISW.
ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა საკუთარ რიგებში მოღალატეების ძებნა დაიწყეს.