გასულ შაბათს ღამით, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ვერტმფრენი MI-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში სამხრეთ-აღმოსავლეთ კოიდულას რაიონში უნებართვოდ შევიდა.
როგორც ცნობილია, ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში თითქმის ორი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
მედია წერს, რომ ვერტმფრენს ფრენის გეგმა არ ჰქონდა, ტრანსპონდერი გამორთული იყო. ვერტმფრენს ასევე არ ჰქონდა ორმხრივი რადიოკავშირი ესტონეთის საჰაერო მოძრაობის სამსახურთან.
სამშაბათს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ესტონეთში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ლიპაევი და ნოტა გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის უაღრესად სერიოზული და სამწუხარო შემთხვევა ესტონეთის თვალსაზრისით, რომელიც უდავოდ გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას და არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები.
მდივნის მოადგილემ რეინ ტამსარმა, რომელიც რუსეთის ელჩს შეხვდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, აგრძელებს ხოცვა-ჟლეტას და მონაწილეობს უკრაინელების მასობრივ დეპორტაციაში რუსეთში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, შეწყვიტოს მისი აგრესია და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.