რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ს არმია პოსტსაბჭოთა სივცეში ჯანდაცვის ხელშეწყობაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. როგორც ზახაროვა სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში ამბობს, ვაშინგტონის არგუმენტი, რომ მათი ჩართულობა ჯანდაცვის საკითხებს (ბიომასალის შეგროვებასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაკონტროლება) შეეხება, “რუსეთის ფედერაციის ეჭვებს მხოლოდ აძლიერებს”.
ზახაროვას ამ კონტექსტში ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობა და ლუგარის ლაბორატორია მოჰყვავს.
“გასაგები მიზეზების გამო, შეერთებულ შტატებს ურჩევნია გაჩუმდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სამუშაოების შესახებ და არ წარმოადგინოს ინფორმაცია. მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა მხოლოდ ჯანმდაცვის საკითხებზეა ფოკუსირებული, რეალობას არ შეესაბამება. ნათელია, რომ ჯანდაცვის საკითხებში ამერიკელი სამხედროების ჩართულობის საჭიროება არ არსებობს. რუს ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, საზოგადოებრივ მოღვაწეებს და ასევე, ქართველ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს აშშ-ს მიერ BTWC-ის (ბიოლოგიური იარაღის კონვენცია) ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ზახაროვა.
ცნობისთვის, რუსულ მხარეს და მის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების თვითგამოცხადებულ ლიდერებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით აქამდეც გამოუთქვამთ ბრალდებები. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის “უსაფრთხოების კომიტეტში” განაცხდეს, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდები მიმდინარეობს.
“ბოდიში, ასეთ სისულელეებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “მეტრონომთან” საუბარში.
ამავე თემაზე: აშშ, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, დაავადების გადამტან კოღოებს უშვებს – კირილოვი