რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელის, იგორ კირილოვის მტკიცებით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტან კოღოებსა და ტკიპებს უშვებენ, რაც რუსეთის ჯარების განადურებას ისახავს მიზნად.
“რადიო თავისუფლებას” მოჰყავს კირილოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საუბარია აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს, დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.
“ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ. საუბარია ჰაერში დაავადებული მწერების გამავრცელებელი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გაცემულ № 8967029 პატენტზე. პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის ჯარების განადგურება აშშ-ის სამხედროებისთვის რისკის გარეშე“, – ამბობს კირილოვი და აღნიშნავს, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი ტკიპების გავრცელება გახდა.
მანამდე რუსული მხარე იმაზე საუბრობდა, რომ ქვეყანაში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება მათ წინააღმდეგ მიმართული “ბიოლოგიურ იარაღი“ იყო და ამტკიცებდა, რომ სწორედ საქართველოდან ხდებოდა მისი გავრცელება უსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში.
რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ “რადიო თავისუფლებას” საქართველოში შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან ჩაწერილი ინტერვიუდან მოჰყავს ციტატა:
“ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე დეზინფორმაციის გამოყენებას რუსეთი წლებია ცდილობს საქართველოში. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ არის მართალი. ნარატივი, რომელსაც რუსეთი აქ იყენებს და ცდილობს სხვაგანაც გამოიყენოს, უბრალოდ არ არის მართალი. ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ისინი კვლავაც იყენებენ იმას, რამაც ვერასდროს მოიპოვა პოპულარობა”, – ამბობდა დეგნანი.