ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატი ბერძენიშვილზე: ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, არასწორია

ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ “მეტრონომთან” საუბარში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ნათქვამი შეაფასა ერეკლე II-სთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ბერძენიშვილმა განაცხადა:

“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”.

ჩაჩიბაის შეფასებით, ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა და ყველამ თავი უნდა შეიკავოს “წარსულში ხელის ფათურისგან”. ამასთან, ჩაჩიბაია აღნიშნავს, რომ ფილოლოგმა და ისტორიკოსმა სტუდენტებს ფაქტები უნდა მიწოდოს და თავს არ უნდა მოახვიოს საკუთარი შეხედულებები.

“ასეთი განცხადებებისგან და წარსულში ხელის ფათურისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი. თვითონ რუსეთმა რომ დაარღვია ცალმხრივად ეს ხელშეკრულება [გეორგიევსკის ტრაქტატი], სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერეკლე მეფე ქვეყნის მოღალატეა. მან ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწოფებრივი საქმიანობის თვალსაზრისით, ასე რომ, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. შეფასება ყველანაირი შეიძლება გაკეთდეს, ყველას თავისი აზრი აქვს და ამაში არავინ არ არის შეზღუდული, მაგრამ მთავარია, ეს შეფასება თავსმოხვეული არ იყოს საზოგადოების მიმართ. ასეთივე სადავო საკითხებია მაგალითად, სააკაძესთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თავსმოხვეული, სტუდენტებთან მიმართებაში ეს არ უნდა იყოს როგორც იტყვიან – აზროვნების ჩამოყალიბების მცდელობა. თუ სპეციალისტია და ისტორიკოსია, მან უნდა მიაწოდოს ფაქტები და ამ ფაქტებზე დაფუძნებით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა. იმ ეპოქაში რა ხდებოდა, არც ბერძენიშვილმა იცის არაფერი და არც თითოეულმა ჩვენგანმა, ეს თვითონ მეფე ერეკლემ იცის. ასე რომ, ასეთი ტიპის განცხადებები საჯაროდ, ვფიქრობ, რომ არის მიზანშეუწონავი”, – აცხადებს ჩაჩიბაია.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ლეან ბერძენიშვილის განცხადება სტუდენტებთან მისი საგანმანათლებლო კომუნიკაციის აკრძალვის საფუძველი უნდა გახდეს, როგორც ამას მის წინააღმდეგ გავრცელებული პეტიციის ავტორები მოითხოვენ, ჩაჩიბაია აცხადებს, რომ მსგავსი საკითხების გადაწვეტა, განათლების კომიტეტის კომპეტენციაა.

“მე ვერ გეტყვით ამას. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს ალბათ განათლების კომიტეტზე იქნება განსახილველი, თუმცა, ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი არ არის. იმ ეპოქაში, რომელშიც ერეკლე მეფე და მთელი საქართველო იმყოფებოდა, ასე ხელაღებით ვერ განსაზღვავ, რა იყო სწორი და რა არასწორი. იმ გარემოში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არსებობდა, ერეკლე მეფე ვერ განსაზღვრავდა ამას, მას სჭირდებოდა მოკავშირე და ჩათვალა, რომ ერთმორწმუნე რუსეთი იქნებოდა ასეთი მოკავშირე, თუმცა, რუსეთმა თავისი პირობა გატეხა, აღმოჩნდა, რომ ამ ერთმორწმუნეობას არ მოაქვს სიკეთეები”, – ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი

ამავე თემაზე: “ვის დაკარგვიხართ” – ბერძენიშვილი მისი ძმის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციაზე

 

იტვირთბა....