ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანგარიში გამოაქვეყნა.
საუბარია, ევროკავშირის მისიაში მონაწილე რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის შესრულების დროს, სამხედროები სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. თუმცა ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის. მოხსენებაში
“ორი გოგონა ამბობს, რომ გააუპატიურეს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცებმა, კიდევ 2 გოგონას თქმით, მათ სამხედროებთან სექსუალური კავშირისთვის ფული გადაუხადეს. ჯარისკაცების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა 3 გოგონა დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ სექსუალურ ძალადობაში სამშვიდობო მისიის ქართული კონტიგენტის წევრები მონაწილეობდნენ”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განმარტებები ჟურნალისტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
„დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში არსებულ მისიას. ჩვენი – თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, ასევე, მთავრობის პოზიციაა, რომ მსგავსი ქმედება, ვინც უნდა ჩაიდინოს ის, არის დასჯადი, არ აქვს მნიშვნელობა არც ქვეყანას, არც სამხედრო წოდებას და წარმომავლობას. ჩვენი მიზანია, ამჟამად, განვახორციელოთ დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსთან, ყველა ზომას გამოვიყენებთ, რათა დადგინდეს სიმართლე და, თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, კონკრეტული პიროვნება დაისჯება შესაბამისად. ქართული შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში 17 წლის განმავლობაში მონაწილეობენ და ამ პერიოდში მათ თავი წარმოაჩინეს საუკეთესო მხრიდან, ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებში მიიჩნევიან, როგორც სანდო, საიმედო და პროფესიონალი თანამებრძოლები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავს სტატუსს და მსგავს სახელს ვიღაცამ მიაყენოს ზიანი. ამ ეტაპზე, ყველა ზომას ვიღებთ, რათა დადგინდეს სიმართლე – გაბათილდეს აღნიშნული ინფორმაცია, ან – დადგინდეს და დაისაჯოს ის პიროვნება, რომელმაც შელახა ქართული მუნდირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ის პიროვნება, რომელიც ვალდებული იყო და სამსახურებრივად არ უნდა დაეშვა მსგავსი ქმედება, ან არ გამოიძია შესაბამისად აღნიშნული ქმედება, გადაყენებული იქნება და მოვალეობას ვერ შეასრულებს გამოძიების დასრულებამდე”.- განაცხადა ბრიფინგზე გენერალური შტაბის უფროსმა.
„მეტრონომი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს ბაჩუ ქუთელიას ესაუბრა. მის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამოძიება და ამ პროცესებმა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.
„საერთაშორისო სამხედრო სამშვიდობო მისიებში ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური თემაა. ქართულ შეიარაღებულ ძალებს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვთ. 17 წლიანი მოღვაწეობის შედეგად თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართულ სამხედრო კონტიგენტს რაიმე ასეთი ტიპის ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვქონოდა საქმე. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული ინციდენტი საგანგაშოა, მაგრამ აუცილებელია მისი სწრაფად გამოძიება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ ეს კრიმინალია და ვინც ეს ჩაიდინა უნდა დაისაჯონ და მეორე სწრაფი გამოძიება საჭიროა, რომ არ მიადგეს ზიანი ამ საკითხის განზოგადებით ქართულ ჯარს. შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ავტორიტეტისთვის“. -აცახადებს ქუთელია.