თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 1 თებერვლიდან ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს. პროგრამა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ქალბატონებს შეეხება და მათთვის აუცილებელი მედიკამენტის ჰერცეპტინის შეძენას დააფინანსებს. სოციალურად დაუცველი პირები 100 %-ით, ხოლო დანარჩენები 80 %-ით დაფინანსდებიან .
„ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული დაავადების მქონე პირთათვის პრეპარატი ჰერცეპტინის დაფინანსებას. სახელმწიფოს მიერ ამ პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა და თბილისის მერია იქნება პირველი, ვინც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.
მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით. შესაბამისად, ამ უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს, პარალელურად კი, 40-45%-ით შეამცირებს რეციდივის რისკს, გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც, – განაცხადა დავით ნარმანიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აუნაზღაურებს. პროგრამაში ჩაერთვებიან, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა. ბენეფიციარის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 28 080 ლარით.
პროგრამა თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდგომ ამოქმედდება. პროგრამაში წარსადგენად მოსარგებლე პირმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/ა), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე. ამასთან, ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა-ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.
ე) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;
ზ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
თ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.