თეირანში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხი მზად აქვთ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი საკუთარ პასუხს „შესაბამის დროს“ გამოაცხადებს.
მისივე თქმით, აშშ-მა „დიპლომატიის გზა გაანადგურა“ და წინადადების გარშემო ნებისმიერი მოლაპარაკება „შეუთავსებელია ულტიმატუმებთან და ომის დანაშაულების ჩადენის მუქარასთან“.
როგორც ისმაილ ბაღაი აცხადებს, ირანს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნები, რომლებიც შუამავლების მეშვეობით უკვე გადაცემულია.
„ირანი არ ყოყმანობს მკაფიოდ გამოხატოს ის, რასაც თავის ლეგიტიმურ მოთხოვნებად მიიჩნევს. ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც კომპრომისის ნიშანი, არამედ უნდა ჩაითვალოს, როგორც მისი პოზიციების დაცვისადმი ნდობის გამოხატულება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს. როგორც „როიტერი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას.
მანამდე, კვირას „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, ირანი და რეგიონული შუამავლები განიხილავენ ცეცხლის პოტენციურ 45-დღიან შეწყვეტას, როგორც ორფაზიანი შეთანხმების ნაწილს, რამაც შესაძლოა, ომის საბოლოოდ დასრულება გამოიწვიოს.

