მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც პატიმრობის განაჩენი გამოიტანა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ცნობა დადასტურებულია.
18 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩ კელი დეგანთან გამართულ შეხვედრაზე საელჩოში.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს; გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როგორც წესი არ აკეთებს კომენტარს მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე.
მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, რაც ასევე არ ხდის ცხადს კონკრეტულად რა ეტაპზე გამოეთიშა მოსამართლე ამერიკულ პროგრამას.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული.