ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აგვისტოს ომი: რა არის მოსალოდნელი ჰააგის სასამართლოს განაჩენის შემდეგ?

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდზე გამოძიება ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულზე დაეწყო, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც უწყების საიტზე იტყობინებიან, გამოძიება 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს ეხება. გასული წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოვიდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელმაც  წერილობით მიმართა ჰააგის სასამართლოს ამ საქმის გამოსაძიელბლად ნებართვის მისაღებად. მას ეჭვი ჰქონდა, რომ მასალების მიხედვით, შესაძლებელია ჩადენილია დანაშაული, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები, დაგეგმილი თავდასხმები და ქონების განადგურება.

RTR20VRZ-copy

პროკურორის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იძულებით გამოასახლეს 18,5 ათასი ადამიანი, მოკლული კი 113 ეთნიკური ქართველია.

საერთაშორისო  სასამართლო პროკურორის მოთხოვნას პასუხობს:

„საკუთარ მოთხოვნაში პროკურორი წარმოადგენს პროგრესს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ პროცესზე და აცნობებს პალატას, რომ სხვა არც ერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია პროცესი აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება პროკურორის ახსნა–განმარტებას, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელსაც წარმართავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რომის სტატუტის მე-17 მუხლის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ არის სახელმწოფოდ აღიარებული,“ – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია კონფლიქტში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებაც:

„რაც შეეხება ეროვნულ მოსმენებს რუსეთის ფედერაციაში, პროკურორი მოთხოვნაში წარადგენს საკუთარი შეფასების შედეგებს იმ პოტენციურ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილების კამპანიას სამხრეთ ოსეთსა და ბუფერული ზონიდან ეთნიკური ქართველების გასაძევებლად და ასევე რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმას“ – წერია დოკუმენტში.

strat_rusuli_tankebi

რუსეთში საერთაშორისო სამართლის იურისდიქცია არ ვრცელდება, იმიტომ რომ რომის სტატუტის ძირითადი ხელშეკრულება იქ რატიფიცირებული არ არის. რომის სტატუტზე ხელი საქართველოს 2003 წელს აქვს მოწერილი.

“პროკურატურის მიერ სანდოდ ჩათვლილი ინფორმაციით, ნაწილობრივ დადასტურებულია, მაგრამ სხვა სანდო ინფორმაციის მიხედვით – რუსი ჯარისკაცები ან მონაწილეობდნენ, ან უმოქმედოდ იყვნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დანაშაულის ჩადენის დროს. ამ ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, პროკურორი ასკვნის, რომ დამტკიცების მცდელობების მიუხედავად, არანაირი კონკრეტული და პროგრესული ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთში პოტენციურ საქმეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად,“ – წერია დოკუმენტში.

როგორც ჩვენთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ის, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საერთაშორისო იურისდიქცია არ მოქმედებს არ ნიშნავს იმას, რომ რუსი წარმოშობის ადამიანი არ იქნება მიჩნეული ამ მოქმედებების დამრღვევად.

მისი თქმით, რუსეთი უბრალოდ, არ ითანამშრომლებს სასამართლოსთან. ამ შემთხვევაში კი  ეს მნიშვნელოვანი მარტო იმ კუთხით არის, რომ ჭეშმარიტების დადგენა გართულდება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც  გამოეხმაურა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ ”სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას”.

სერგი კაპანაძის თქმით, “სამხრეთ ოსეთი არ არის აღქმული როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მაგრამ მოკვლევისთვის ფაქტები მნიშვნელოვანია, ამისთვის შეიძლება დასჭირდეთ ადგილზე შესვლა და იქ თანამშრომლობა, მაგრამ ამას, რამდენად იზამენ, მე არ ვარ დარწმუნებული” – აღნიშნა კაპანაძემ. მისი თქმით, ეთნოწმენდაში ბუნებრივია, რომ რუსეთის შესაძლო ბრალეულობა დადასტურდეს.

“აქ საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იქნა გამოდევნილი და ჩატარდა მიზანმიმართული ეთნოწმენდის პოლიტიკა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ უშუალო აღმსრულებლის პასუხისმგებლობის საკითზე, საუბარია იმაზე თუ ვინ შეუკვეთა ეს, ან ვისი მფარველობის ქვეშ მოხდა. პროკურორს თავის წინასწარ განცადებაში ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული – ანუ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია, მათ შორის დამკვეთიც, მათ შორის შეიარაღებული ძალებიც. მათი ეფექტური კონტროლის ქვეშაც შესაძლებელია რომ  ეს მომხდარიყო, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდში ისინი ახორციელებდნენ პროფესიულ კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც  ეთნიკური წმენდა ხდებოდა. ეს ყველაფერი დადგენილი უნდა იქნას სასამართლოს მიერ” – ამბობს კაპანაძე.

როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ის გაოცებულია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

“იმედი მაქვს, ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის თავის გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმება ქართული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რუსეთმა ჰააგის სისხლის სამართლის კრიმინალურ სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. რუსული გამომძიებლების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა”, – განაცხადა მარკინმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სერგი კაპანაძემ განმარტა იმ შემთხვევის შემდგომი პროცედურა, როდესაც ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ბრალეულობა დადგინდება.

“იმისდა მიუხედავად თუ ვის სასიკეთოდ გადაწყდება საკითხი, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განუსაზღვრელი ორგანო, ინსტიტუტი, რომელიც დაადგენს, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი იყო პასუხისმგებელი კონკრეტულ დანაშაულებებზე. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჯერ პროკურორი გააკეთებს თავის დასკვნას და მიმართავს სასამართლოს, რომ ორდერი იყოს გაცემული და ადამიანი იყოს დაკავებული. შემდეგ მიმართავს სახელმწიფოს, რომ მან გადასცეს ესა თუ ის ადამიანი, მერე უკვე ადამიანის გადაცემა მოხდება, იქნება მისი სასამართლო პროცესი და ეს არის ერთი შედეგი და მეორე შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანის გადაცემა და დაიწყოს შემდეგ პოლიტიკური პროცესი. აქ რა მოხდება ამ შემთხვევაში და როდის მოხდება ეს იქნება ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელი” – განაცხადა კაპანაძემ.

ნინო ცხადაია

 

 

 

 

იტვირთბა....