“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციების შეფერხებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ახორციელებდა ბანკი ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ შანტაჟს.
“რაც შეეხება ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას სტანდარტულად სჭირდება რამდენიმე საათი, ასეთი რამ როცა ხდება და როდესაც შვეიცარული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაცია აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ამაზეა საუბარი – ხომ არ არის ეს შანტაჟი, მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი, თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ქვეყანას გაანადგურეს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი”, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ შვეიცარიული ბანკის ქმედებების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაცია იკითხება, კობახიძემ განაცადა, რომ კოორდინაციის შესახებ კითხვები ლოგიკურია.
“მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური. თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით… იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი – ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება “ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი”, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ შვეიცარულ ბანკს 600 მლნ დოლარიანი სასამართლო დავა მოუგო, ახლა კი ის ამავე ბანკს მეორედ უჩივის. გავრცელებული ინფორმაციით, Green Vals Trust-ში ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.