საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი, ან უკუსვლა არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს.
როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს – კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი).
„ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა“- ნათქვამია ანგარიშში.
კორუფციის აღქმის კუთხით „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ 168 ქვეყანა გამოიკვლია. 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალი დანიაშია (91 ქულა), ფინეთში (90 ქულა) და შვედეთში (89), ყველაზე მაღალი კი – ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).
ანგარიშის თანახმად, წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველოს მაჩვენებელი (52 ქულა) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესოა. ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს.
„კორუფციის აღქმის ინდექსის ლიდერ ქვეყნებს ახასიათებთ მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, კეთილსინდისიერების მაღალი დონე თანამდებობის პირთა შორის, და ხელისუფლების სხვა შტოებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამავე დროს, რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და დამოუკიდებლობის ნაკლებობა მედიასა და სასამართლოში“- ნათქვამია ანგარიშში.
საერთო ჯამში როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშშია აღნიშნული, კორუფცია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა.