აზოვის ბატალიონი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა დაბომბვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, რუსები ბირთვულის გარდა, იყენებენ ყველანაირ შეიარაღებას, რაც კი აქვთ.
მისივე თქმით, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
“ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. “აზოვსტალის” ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, – განაცხადა პალამარიმ “რადიო თავისუფლების” უკრაინულ ბიუროსთან.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის მახლობლად, საავადმყოფო დაბომბეს.