უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები გაანადგურებენ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც მარიუპოლს იცავენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი გახდება. ამის შესახებ ზელენსკიმ Украинская правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მინდა ხაზგასმით ვთქვა – [მარიუპოლში] ჩვენი მებრძოლების, ჩვენი ბიჭების განადგურება წერტილს დაუსვამს ყველანაირ მოლაპარაკებას. ეს იქნება ჩიხი, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებით და ჩვენი ხალხით”, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების პირველ დღეებშივე მარიუპოლი ალყაში მოაქციეს და მას შემდეგ, იქ მყოფ სამხედროებს, ისევე როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უწევთ ყოფნა.
ამ დროისთვის, ქალაქში აზოვის ბატალიონია გამაგრებული, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ალყის გარღვევის შედეგად, 36-ე საზღვაო ბრიგადის ნაწილები შეუერთდნენ. თუმცა, ამ ოპერაციის დროს 36-ე საზღვაო ბრიგადის მებრძოლთა ნაწილი ტყვედ ჩავარდა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.