პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფების მებრძოლთა ნაწილი მარიუპოლში რუსი ოკუპანტების ალყის გარღვევისას ტყვედ ჩავარდა. თუმცა, არესტოვიჩის თქმით, რუსი პროპაგანდისტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თითქოს ტყვეთა რაოდენობა დიდია.
“უნდა ითქვას, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადის წევრები ალყის გარღვევის მცდელობისას ტყვედ ჩავარდნენ. სისულელეებს ამბობენ, თითქოს 1000 ადამიანი ჩავარდა ტყვედ, სინამდვილეში, საუბარია ბევრად ნაკლებ ადამიანზე. თუმცა, ტყვეები ნამდვილად არის. ბრიგადების ნაწილი აზოვის ბატალიონთან შესაერთებლად წავიდა, ნაწილი კი სხვა მიმართულებით. ისინი დაყოფილები იყვნენ და გარემოებიდან გამომდინარე იღებდნენ გადაწყვეტილების. ზუსტად ის მებრძოლები მოყვნენ საარტილერიო და სააავიაციო დარტყმების ქვეშ, რომლებიც სხვა მხარეს გაემართნენ”, – განაცხადა არესტოვიჩმა ФЕЙГИН LIVE-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს ძალიან რთული და სარისკო ოპერაცია იყო.
“ეს ძლიერი და ძალიან რთული სამხედრო სვლაა. ბრიგადა ემზადებოდა, ორი დღე მიდიოდა ამ მარშრუტზე ოკუპირებული ტერიტორიების გავლით”, – აღნიშნავს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გარშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში 36-ე საზღვაო ბრიგადის ნაწილებმა მტრის ალყის გარღვევა მოახერხეს და იქ გამაგრებულ აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ.