უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რადაში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინელი ერის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მისი თქმით, საქართველო იზიარებს უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა აღდგეს.
“ეს არის სწორედ ის კვალი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ტოვებს ომის, იმ მილიტარისტული რიტორიკისა და აგრესიის შემდეგ, რომელიც უცხო არც საქართველოსთვის არის. საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა, რომ უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების უფლება და გარანტიები მომავალში. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ უკრაინის გვერდით და სრულად ვიზიარებთ იმ მწუხარებას და ტრაგედიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაატყდათ თავს”, – განაცხადა თალაკვაძემ “საქართველოს პირველი არხის” ცნობით.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია კიევს დღეს ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი გუნდიდან წარმოდგენილი არიან დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე ბექა ოდიშარია და გიორგი ხოჯევანიშვილი; ხოლო ოპოზიციური ფრაქციებიდან ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და ლევან იოსელიანი.
ამავე თემაზე: “ჩემთვის დიდი პატივია გმირ კიევში ყოფნა”, – პაპუაშვილი
ამავე თემაზე: “საქართველოს დელეგაციასთან განვიხილეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა” – სტეფანჩუკი