ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტეფანჩუკი: საქართველოს დელეგაციასთან განვიხილეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა

უკრაინაში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკს და დეპუტატებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმა მხარემ აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებაში – ეს ის არის, რასაც ჩვენი ხალხი მოელის. განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის სპიკერს ამ ვიზიტისთვის, რომელიც არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა”, – აცხადებს სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია კიევს დღეს ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი გუნდიდან წარმოდგენილი არიან დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე ბექა ოდიშარია და გიორგი ხოჯევანიშვილი; ხოლო ოპოზიციური ფრაქციებიდან ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და ლევან იოსელიანი.

იტვირთბა....