ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

“სააკაშვილი არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან” – კობახიძე

სააკაშვილი ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი.

კობახიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, სისტემამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში.

“წლიდან წლამდე ანგარიშის საერთო შინაარსი არ იცვლება. დაახლოებით, იგივეა ამ ანგარიშის შინაარსი, რაც იყო შარშან და შარშანწინ. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, გუშინ აქაც გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, „ფეიკი“ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული, როგორც სააკაშვილი, ასევე, მელია, რურუა, რაც არის სრული სიცრუე.

აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც დამეთანხმებით, აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობდეს „ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო“. დაახლოებით, ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა”, – აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.

იტვირთბა....