აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. კერძოდ, ანგარიშში მოყვანილია სახალხო დამცველის ოფისის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია მიხეილ სააკაშვილის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლება.
“სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ ვიდეომსასალის გავრცელებით, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ათავსებენ მიხეილ სააკაშვილს N18 სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევრად შიშველ და დამამცირებელ მდგომარეობაში, დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება”, – წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უწყებისთვის გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები არ მიუწოდებია, თუმცა, ის საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
“სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეუზღუდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, რაც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან სააკაშვილს დაკავების შემდეგ და პატიმრობის განმავლობაში, სამჯერ არ მიეცა სასამართლოში გამოსვლის საშუალება”, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებითაც არის მოყვანილი ცნობები და აღნიშნულია, რომ 19 ნოემბერს ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე ხაგზასმულია, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობის ფაქტს იძიებდა რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს, 30 დეკემბერს, პარლამენტში “ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას და ორი ცალკეული უწყების შექმნას.
“მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და სამივე მოსმენის ერთ კვირაზე ნაკლები დროის პერიოდში ჩატარებით, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით”, – წერია ანგარიშში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ სამი წელი რჩებოდა.