ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის 700 000-ზე მეტი მოქალაქე რუსეთშია დეპორტირებული – დენისოვა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთში 700 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ” რადიო თავისუფლება ” ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთში ყოველდღიურად დაახლოებით 20 ათასი ადამიანი მიჰყავთ, უკრაინელები რუსეთის ფედერაციის 35 რეგიონში არიან.

„რუსეთის ფედერაციის მონაცემებით, 700 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე წაიყვანეს რუსეთში, მათი შეფასებით, 130 000-ზე მეტი ბავშვი“, – განაცხადა დენისოვამ.

დენისოვამ თქვა, რომ მხოლოდ რუსეთის პენზას რეგიონში არის ოთხი ბანაკი, რომლებშიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები თებერვალში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გადაიყვანეს.

ომბუდსმენი რუსეთის მიერ უკრაინელების ძალით გაყვანას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

„ეს არის ჟენევის კონვენციის დარღვევა სამოქალაქო პირთა უფლებების დაცვის შესახებ“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....