ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ქარიშხალია მოსალოდნელი” – ავსტრიის კანცლერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საკუთარ მოლოდინებზე მედიასთან ისაუბრა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ მოსალაპარაკებლად ეწვია.

ცნობილია, რომ შეხვედრა მოსკოვში 11 აპრილს გაიმართა. პოლიტიკოსთა საუბარი საათნახევარი გაგრძელდა.

ნეჰამერის თქმით, ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი, მას სურდა პუტინისთვის თვალებში ჩაეხედა და ეთქვა ის, რაც ბუჩაში ნახა – “საუბარი იყო მძიმე და პირდაპირი”

“მთლიანად შეხვედრიდან არანაირი დადებითი შთაბეჭდილება არ მიმიღია. პესიმისტურად ვარ განწყობილი. პუტინი სამხედრო ლოგიკაზე გადავიდა. ყველა ნიშანი ქარიშხალზე მიუთითებს”, – განაცხადა მან.

ავსტრიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ პუტინი არ ენდობა საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო სამართალს.

”მე ვახსენე სერიოზული სამხედრო დანაშაულებები ბუჩაში და სხვა ადგილებში. ამასთან ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს მართლმსაჯულების წინაშე,” – თქვა მან.

ასევე, მათ შორის გაჩნდა დავა, რა დროსაც რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ბუჩაში მომხდარში უკრაინა იყო დამნაშავე.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავსტრიულმა მხარემ მოითხოვა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართულიყო.

სანქციების თემაზე კანცლერმა მკაფიოდ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ სანქციები დარჩება და გაძლიერდება მანამ, სანამ ადამიანები იღუპებიან უკრაინაში.

ბ-ნმა ნეჰამერმა ასევე უთხრა პუტინს ჰუმანიტარული დერეფნების “გადაუდებელი” აუცილებლობის შესახებ, რათა “წყალი და საკვები შემოიტანონ ალყაში მოქცეულ ქალაქებში, ხოლო ქალები, ბავშვები და დაშავებულები გამოიყვანონ”.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....